პროფესიული სტუდენტების მონაწილეობით კულინარიული კონკურსი გაიმართა
27 დეკემბერს თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისა და კოლეჯ „იკაროსის“ ერთობლივი ინიციატივით კულინარიული კონკურსი ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და მოტივაციის გაზრდას.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ კულინარიული მიმართულების კოლეჯები -„იკაროსი“, ,,მერმისი”, “ბლექსი”, ” ახალი ტალღა”, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი, „აისი“ და “ჰორიზონტი”.
საკონკურსო დავალებას წარმოადგენდა შეზღუდულ დროში საახალწლო კერძის მომზადება. კონკურსს აფასებდა ჟიური: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თამარ ქიტიაშვილის, გასტრონომიული მუზეუმის დამფუძნებელის, შეფი-ესმა კუნჭულიას და შეფი – თინა ვაშაკიძის შემადგენლობით. ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილის მფლობელი კოლეჯ „მერმისის“ სტუდენტი ნანა ნანავა გახდა, რომელსაც თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დირექტორმა ზურაბ ოშხნელმა საჩუქრად კონკურსის მთავარი პრიზი – შეფ მზარეულის პროფესიონალური დანა გადასცა. ქალბატონმა თამარ ქიტიაშვილმა, რომლის სიმპათიაც გახდა კონკურსანტი კოლეჯიდან “იკაროსი”, კონკურსის ყველა მონაწილეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით გადასცა სიმბოლური საჩუქრები. შეფ თინა ვაშაკიძის სიმპათია გახდა კოლეჯების “მერმისი” და “აისი” სტუდენტები, რომლებიც სტაჟირებას გაივლიან მისივე რესტორანში. გასტრონომიული მუზეუმის დამფუძნებელმა ესმა კუნჭულიამ თავის ორ რჩეულ სტუდენტს კოლეჯებიდან “ბლექსი” და “ჰორიზონტი” გადასცა მულტიფუნქციური საათები.
კულინარიული კონკურსის ფოტო და ვიდეო გადაღებას გასვლითი შემაჯამებელი პრაქტიკული სასწავლო პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფდნენ თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის სტუდენტები.